ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
მუსიკალური კომედიის თეატრმა 1926 წელს თვითმოქმედი კოლექტივის ,,მუშკოოპ-თეატრის” სახელწოდებით დაიწყო არსებობა. იმ წლებში უშუალოდ წარმოება-დაწესებულებებთან იქმნებოდა მხატვრული აგიტ-კოლექტივები, თვითმოქმედი მუსიკალური და ლიტერატურული წრეები. ისინი თავიანთი შემოქმედებით უაღრესად ყოფით-რეალისტური, აქტუალურნი და აგიტაციურნი იყვნენ. ეს იყო ,,ერთი დღის ხელოვნება”, მაგრამ ამ ყოველდღიურობის სახელით დიდი სახელმწიფოებრივი საქმე კეთდებოდა კულტურული რევლოუცია ფართო გზას უხსნიდა სახალხო ტალანტებს.
,,მუშაკ-თეატრის” თვითმოქმედი კოლექტივი უძლიერს სავაჭრო ორგანიზაციასთან მუშათა გაერთიანებულ კოოპერატივთან, უნივერმაღის შენობაში დაარსდა. ,,მუშკოპს” ხელმძღვანელობდა მუსიკალური ხელოვნების კარგად მცოდნე ა.ერისთავი, კულტგანყოფილების გამგე პოეტი ნიკოლოზ ჩაჩავა და ,,მუშკოპი”-ს გამგეობის წევრი ნიკო ფერიაშვილი.
ამ თვითმოქმედ კოლექტივ-თეატრს ,,ლურჯხელთათმანიანთა” თეატრიც ეწოდებოდა. იგი ცოცხალი გაზეთის სცენურ ფორმებს იშველიებდა. იდგმებოდა ინტერმედიები, სკეტჩები, მინიატურები. თეატრის პოლიტიკურად და სოციალურად მახვილი სატირა ბურჟუის, ნემპანის, კულაკის, მეწვრილმანის, გადამყიდველის რელიიგის მსახურთა წინააღმდეგ იყო მიმართული.
1927 წელს ,,მუშკოპმა” თვითმოქმედი თეატრის ხელმძღვანელად მიიწვია მიხეილ ჭიაურელი და დავით (დუდე) ძნელაძე.
ეს იყო უაღრეასდ მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კოლექტივის ცხოვრებაში.
იმ დროს დასი ათი კაცისაგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: პოეტი ნიკოლოზ ჩაჩავა და პიანისტი გარიკ ასტვაცატუროვი. დასის წევრები: მარგო მესხი, თამარ ფერიაშვილი, შაქრო ოსეფაშვილი, ვასო გერსამია, მიხეილ დრეიძე, იროდიონ უგულავა, დავით მესხი და ნიკო ხურცია.
თვითმოქმედი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა მ. ჭიაურელი, ხოლო დირექტორად და თანარეჟისორად დ. ძნელაძე.
მ. ჭიაურელმა და დ. ძნელაძემ უპირველესად დასის ფორმირებას მიაქციეს ყურადღება. მოიწვიეს კომპოზიტორი ვალერიან ცაგარეიშვილი, რეჟისორები: გიგო ფრონისპირელი-ყიფშიძე (რომელმაც საინტერესო ლიტერატურული მუშაობა გასწია თეატრში) და გალაქტიონ რობაქიძე, პიანისტი სოსო შარაბიძე. თეატრს დაუკავშირეს შალვა დადიანი, გრიგოლ ბერძენიშვილი, ნიკო ფაშალიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი (ეს უკანასკნელი თავის პიესებისათვის მუსიკასაც წერდა), შალვა შარაშიძე (თაგუნა) და სხვანი. შეივსო მსახიობთა დასიც, კოლექტივს შემოემატნენ: მარგო ციციშვილი, ბორის ჩეჩელაშვილი, ზიზო ჯალიაშვილი, შოთა მგალობლიშვილი, ალიოშა ყიფიანი, გოგი დოღორაძე, გრიშა ჟღენტი, უფრო მოგვიანებით: მარგო ინგილო, ალექსანდრე მეწუღიშვილი, კაპია აბესაძე, პიანისტი ქეთევან მაჩაბელი (მგალობლიშვილი), ელენე ციმაკურიძე, ილო ბაკაკური, ნიკოლოზ მოსეშვილი, გოგი ჭუმბაძე, ვახტანგ სალარიძე, მერი დავითაშვილი, ელენე აბაზაძე-ჟივიძე, თამარ კიკნაძე, ივლიტა ჯორჯაძე, ბარბარე იანვარაშვილი, ნინიო თულაშვილი, ნინო ანდრონიკაშვილი, მარინა აბდუშელი, ალექსანდრა ყუფუნია, შურა ბაქარაია, შალვა ოსმანაშვილი, პოლიკარპე სუხიშვილი და სხვები.
თეატრის ერთერთი პირველი კონცერტმაისტერი იყო კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი, რომელიც სპექტაკლებს მუსიკალურადაც აფორმებდა (,,საბა ხუცესი”, ,,მფრინავაძე”, ,,მოგება” ,,საქორწინო მოგზაურობა”).
თეატრის უპირველესი ამოცანა იყო საკუთარი რეპერტუარის შექმნა. ამ მიზეზით იგი ეძებდა თავის მწერლებსა და კომპოზიტორებს, აკავშირებდა მათ თეატრის ცხოვრებასთან. დადგმული პიესების ჩამოთვლაც კი ნათელს ხდის თეატრის პირველი წლების მუშაობის ხარისხს-ხასიათს ,,დანგლა”, ,,საკოლმეურნეო ბაზრობა”, ,,დელეგატე მართა”, ,,მფრინავაძე”, ,,ნახუცარი”, ,,სცენა ტრამვაიში”, ,,საიქიო”, ,,საპარიკმახეროში”, ,,აურიე კესარია”, ,,ორდენები”, ,,მეთონე”, ,,ნიღაბი”, ,,თოქში”, ,,თავი სიზმარში მგონია”, ,,საბა ხუცესი”, 1918 წელი ,,ოქტომბერი” და სხვა.
თეატრის პირველი ნამდვილი შემოქმედებითი წარმატება იყო მაღალ პროფესიულ დონეზე დადგმული სპექტაკლები _ ს. ფაშალიშვილის ,,საიქიო” (რეჟისორი მ. ჭიაურელი, კომპოზიტორი ვ. ცაგარეიშვილი) და გალაქტიონ რობაქიძის ,,დანგლა” (რეჟ. მ. ჭიაურელი და გ. რობაქიძე, კომპ. ვ. ცაგარეიშვილი). არსებითი სპექტაკლებიდან დაიწყო თვითმოქმედი ,,კოოპ-თეატრის” პირველი პროფესიულ თეატრად ჩამოყალიბების პროცესი.
თეატრი იმთავითვე ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობდა მაყურებელთა შორის. იმდენად დიდი იყო თეატრისადმი მაყურებელთა მხარდაჭერა, რომ დაარსების ხუთი წლის თავზე თვით მაყურებელმა საზეიმოდ აღინიშნა თეატრის პატარა იუბილე.
ამ სიყვარულს გარკვეული საფუძველი ჰქონდა.
თბილისის არც ერთი პროფესიული თუ თვითმოქმედი კოლექტივი ისე აქტიურად არ ემსახურებოდა რესპუბლიკის ყველა კუთხეს, როგორც ,,კოოპთეატრი”, იგი ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა და ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებს ეხმაურებოდა. მშრომელებთან კონტაქტი, ხალხთან მისვლა დაკანონდა. ყოველწლიურად აპრილიდან ოქტომბრამდე თეატრი წარმოდგენებს მართავდა წარმოება-დაწესებულებებში, კოლმეურნეობებში, მინდვრებშიც კი, სადაც გაცხოველებული საზაფხულო მუშაობა მიმდინარეობდა. ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს და სამხედრო ნაწილებს.
1932 წლის ბოლოსათვის თეატრი შორდება თავის პირველ მეცენატს, საკუთარი შემოსავლით ინახავს თავს, ხელშეკრულებას აფორმებს ,,გლეხთა სახლთან” და წარმოდგენებს მართავს როგორც გლეხთა სახლში” ასევე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე.
1934 წლის პირველი იანვრიდან ,,კოოპ-თეატრი” გადადის პროფსაბჭოს სისტემაში, ეძლევა სახელმწიფო დოტაცია, დასის წევრები გათავისუფლდნენ წარმოება-დაწესებულებებიდან და თეატრში მუდმივ ხელფასზე გადავიდნენ.
თეატრს ეწოდა ,,მოძრავი მუსიკალური სატირის თეატრი”.
იმავე წელს თეატრი გადადის განსახკომის სისტემაში, ხოლო 1935 წ-ან აღიარებული იქნა სახელმწიფო თეატრად.
გადიოდა წლები ,,ერთი დღის ხელოვნებამ” თავისი მისია შეასრულა და ისტორიას ჩაბარდა. პროფესიული დაოსტატების გზაზე თეატრი გაბედულად კიდებს ხელს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს, ქართულ და მსოფლიო კლასიკას. თუ ადრე პატარ-პატარა სკეჩებსა და მინიატურებს მუსიკალური თანხლებით წარმოადგენდნენ, ახლა სცენაზე აღიარებულ დრამატურგიას ვხედავთ, სადაც მუსიკა დრამატურგიასთან ერთად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, სპექტაკლის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი ხდება. თანდათან, პრაქტიკულად მომწიფდა საქართველოში პირველი მუსიკალური კომედიის თეატრის დაარსების იდეა (უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუსიკალური კომედიის თეატრის შექმნა ჯერ კიდევ რევოლუციამდე სცადა ვასო აბაშიძემ, მაკო საფაროვა აბაშიძემ, დავით მგალობლიშვილმა. ამ მიზნით დადგეს ,,მშევენიერი ელენეს მაძიებელნი” და ,,მეჯლისი იტალიელებით”)
1935-36 წ. სეზონში მ. ჭიაურელის ხელმძღვანელობით დაიდგა მოლიერის ,,სკაპენის ოინები” (თარგმნა გ. ფრონისპირელმა, მუსიკა დაწერა კომპ. ვ. ცაგარეიშვილმა, მხატვრად – პ. ოცხელი, სასიმღერო კუპლეტები დაწერა ს. ფასალიშვილმა, თანარეჟისორი იყო დ. ძნელაძე) კომედიაში დიდი ადგილი დაეთმო მუსიკას, სასიმღერო კუპლეტებს, რეჩიჩატივებს,.
,,სკაპენის ოინები” იყო პირველი საეტაპო სპექტაკლი ამ თეატრის შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ამავე სეზონში დაიდგა ოდრანის ოპერეტტა ,,მასკოტა” (ნატვრის თავლი).
ნიადაგი მომზადებული იყო, შემოქმედებით კოლექტივს უნდა გადაეწყვიტა უმთავრესი ამოცანა – სცენაზე განეხორციელებინა თანამედროვე თემაზე დაწერილი ქართული მუსიკალური კომედია.
1937-38 წ.წ. თეატრალურ სეზონში ,,მუსიკალური სატირის” თეატრში დაიდგა თანამედროვე თემაზე დაწერილი პირველი ქართული მუსიკალური კომედია ვ. კურტიდისა და მ. ლავერბაიას ,,ხაჯარათი” (დადგეს მ. ჭიაურელმა და დ. ძნელაძემ, მხატვრულად გააფორმა ი. შტენბერგმა).
,,ხაჯარათი” გახლდათ თეატრის მეორე საეტაპო სპექტაკლი. ამავე სეზონში პირველად იდგმება ქართული კლასიკა დ. კლდიაშვილის ,,სოლომ მორბელაძის” მიხედვით შექმნილი მუსიკალური კომედია ,,აზნაურები’’ (კომპ. ვ. ცაგარეიშვილი, დამდგმელი რეჟ. გ. რობაქიძე) და თანამედროვე თემაზე დაწერილი ვ. ცაგარეიშვილის, მ. ჯაფარიძისა და გოგიაშვილის მუსიკალური კომედია ,,უჩინ-მაჩინი”.
თეატრი არც თავის პოლიტიკურ პოზიციებს თმობდა, მიხეილ ჭიაურელმა ამავე სეზონში განახორციელა შ. დადიანის ,,ნაპერწკლებიდან”, რომელმაც საზოგადოებაში დიდი გამოძახილი ჰპოვა.
ვენური ოპერეტის კლასიკური ნიმუშის განხორცილების ცდა იყო ფრიმლისა და შტოტგარდის ,,როზ-მარი”, რომელიც დაიდგა 1941 წელს და თეატრის ერთ-ერთ საპატიო სპექტაკლად იქცა.(დადგა რეჟ. ა. ჩხარტიშვილმა, მხატვ ი. შტენბერგი, ქორეოგრაფიდ. მაჭავარიანი, დირიჟ. ვ. მაჩაბელი).
1941 წელის 7 აგვისტოდან თეატრი კვლავ სამეურნეო ანგარიშზე გადავიდა, შენობაც სანახევროდ სამხედრო საჭიროებას დაეთმო. საქართველოში ამ ჟანრის ერთერთი თეატრი სრული ლიკვიდაციის საშიშროების წინაშე დადგა. თითქმის ყველა პირობა იყო იმისათვის, რომ კოლექტივი დაშლილიყო, გაფანტულიყო, მაგრამ პირიქით მძიმე გამოცდის წლებში თეტრმა უდიდესი სულიერი ვაჟკაცობა გამოიჩინა, მთელი კოლექტივი გაასკაცებული ენერგიით მუშაობდა.
1942 წელს მიხეილ ჭიაურელი მიდის თეატრიდან, აქედან მოყოლებული 1952 წლამდე დუდე ძნელაძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება.
1947 წელს თეატრს მიენიჭა უპირველესი ქართული კომიკოს მსახიობის ვასო აბაშიძის საპატიო სახელი.
ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის განვითარებისა და ფორმირების უმნიშვნელოვანესი ეტაპები, ბუნებრივია დაუკავშირდა სახელოვან ქართველ კომპოზიტორთა ძველ, საშუალო და ახლაგაზრდა თაობის გარკვეულ მოღვაწეებს: დ. არაყიშვილი, კ. მეღვინეთუხუცესი, რ. ლაღიძე, რ. გაბიჩვაძე, ა. კერესელიძე, ზ. აზმაიფარაშვილი, გ. ცაბაძე, რ. მოლორავა, ნ. გაბუნია, ა. შავერზაშვილი, ლ. იაშვილი, შ. ჯოჯუა, ს. ცინცაძე, ბ. კვერნაძე, ვ. აზარაშვილი.
1948-50 წ. წ. თეატრის დირექტორად იყო ვ. მურღულია, ხოლო 1950-53 წლებში გ. თევდორაძე.
1954 წლიდან 1971 წლამდე ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებას ხელმძღვანელობდა შოთა მესხი.
ყველა სერიოზული ძვრა, რომელიც მოხდა 50-60 იან წლებში შ. მესხის და თეატრის დირექტორის შესანიშნავი ორგანიზატორისა და თეატრალური მოღვაწის აკაკი შანიძის სახელთან არის დაკავშირებული (1954-1973 წ. წ.)
ა. შანიძემ, როგორც თეატრის დირექტორმა, ღირსეულად გაართვა თავი, როგორც ორგანიზაციულ, ასევე შემოქმედებით სიძნელეებს, თეატრს შეემატნენ როგორც კონსერვატორიის, ისე თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული მსახიობები: თ. მერკვილაძე, ე. გურაშვილი, ო. ბახტაძე, დ. მაჭავარიანი, ჯ. თალაკვაძე, ზ. კახიანი, მ. სურგულაძე, ი. ვასაძე, ნ. პეტრიაშვილი, ბ. ბეგალიშვილი.
1972 წელს თეატრის მიერ მთავარ დირიჟორად ინიშნება ავთანდილ მამაცაშვილი, 1973 წლიდან თეატრის დირექტორია თეატრმცოდნე ანზორ ტრაპაიძე, 1975 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად დაინიშნა გურამ მელივა.
თეარში ანშლაგებით მიდიოდა სპექტაკლები ,,სიმღერა თბილისზე”, ,,პერიკოლა”, ,,ჩემი მშვენიერი ლედი”, ,,მხოლოდ შენ ერთს”, ,,მაკოცე კეტ” , ,,მიყვარს ჩემი ქუჩა”.
იმათ შორის, რომლებმაც გარკვეულიად გადამწყვეტი როლი ითამაშეს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის ფორმირებაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დრამატურგ ლ. ჭუბაბრიას, კომპოზიტორებს: შ. მილორავას და გ. ცაბაძეს. უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე ორიგინალური ქართული მუსიკალური კომედიის სცენიურად განხორცილების თითქმის ყველა ცდა ამ გვარებთან არის დაკავშირებული.
გარდა ზემოაღნიშნული რეჟისორებისა თეატრში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ: გაიოზ ქართველიშვილი, ელიზბარ გედევანიშვილი, უშანგი დარჩია, გიგა ლორთქიფანიძე, (თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) მოწვეული რეჟიოსრები: აკაკი ვასაძე, მიხეილ ოშეროვსკი, ლერი პაქსაშვილი, დავით კობახიძე, შოთა დავითაშვილი და სხვები.
2004 წლის 22 ივნისს თეატრი ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2004 წლის 4 მაისს თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება დავით დოიაშვილი, ხოლო 2007 წელს 19 მარტს იგი ხდება ამავე თეატრის მმართველი.